საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაიკ პომპეომკიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან10 წლის შემდეგ კვლავაც არსებობს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
აღინიშნა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა პრეზიდენტის პირად როლსა და უშუალო წვლილს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაიკ პომპეოს ამერიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და გაიხსენა ის მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე ვიზიტისას შედგა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი მაიკ პომპეოს ინიციატივით შედგა.