გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დისკუსია გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, რომლის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია გახდა.
გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით ათწლეულის წინ, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მიმართ ღია აგრესიის მოწმე გახდა, რაც გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების უხეში დარღვევა იყო.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა.
როგორც ელჩმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის გზით.
ჰერითიჯის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, ლუკ კოფიმ ისაუბრა 2008-ის წლის ომზე, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, როგორც 2008 წელს საქართველოში დაწყებული პროცესების გაგრძელებაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ ევროპის კრიზისს შორის ურთიერთკავშირზე.
საგრეო უწყებიც ცნობით, თავიანთ გამოსვლებში უკრაინის, ავსტრიის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, ნიდერლანდების, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და თურქეთის წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია საერთაშორისო სახელმწიფო საზღვრების ძალის გამოყენებით გაუქმება და მოითხოვა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების უპირობო პატივისცემა.
მონაწილეებმა მოიწონეს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახელობისთვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებაა.