ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფ. ბირკიანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების სასახლის კომპლექსს 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კომპლექსი მოიცავს სასახლეს, მინაშენით, საწნახელს და გალავანს. აგებულია ნატეხი ქვით დუღაბზე. კომპლექსის თარიღთან დაკავშირებით ორი მოსაზრებაა: დ. დუმბაძე მას IX-X სს. ათარიღებს, ხოლო ა. ქალდანი გვიან შუა საუკუნეებით (საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2, თბ., 2008, გვ.70).
სასახლე სამსართულიანია და ოთხკუთხა გეგმარებისაა (12×9,2 მ). ჩრდილოეთის კედელი მთლიანად, ხოლო დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლების ჩრდილოეთი ნაწილები კლდეზეა დასმული. პირველი სართული დანარჩენებთან შედარებით დაბალია და ის სამეურნეო დანიშნულებისაა. შესასვლელი სამხრეთის მხარესაა. სათავსი სამხრეთ კედელში გაჭრილივე მცირე ზომის სარკმლით ნათდებოდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ბუხარი იყო მოწყობილი. დასავლეთის კედლის სამხრეთ ნაწილში მცირე კარია გაჭრილი, რომლითაც პატარა სათავსშია გასასვლელი.
მეორე სართული საცხოვრებელია. სივრცე ნათდებოდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში დატანებული ღიობების საშუალებით. მეორე სართულს შესასვლელი სამხრეთიდან, ზუსტად პირველი სართულის კარის თავზე აქვს. ჩრდილოეთის კედლის შუაში ბუხარია გაკეთებული. სამხრეთის კედელში ორი ნიშია. სართულშორისი გადახურვა ხის იყო.
მესამე სართულის დანიშნულება ამჟამად გაურკვეველია, რადგან ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და კედლებში მხოლოდ ნიშები იკითხება.
სახლს დასავლეთიდან ორსართულიანი მცირე მინაშენი აქვს, რომელშიც შესასვლელი სახლიდანაა. პირველი სართული ყრუა და კედელში მხოლოდ ნიშებია. მეორე სართული სამხრეთ მხარეს შეისრული თაღითაა გახსნილი. ერთი მოსაზრებით ეს სასახლის ღია ტერასა უნდა ყოფილიყო (ზუსტი ფუნქციის გარკვევა არ ხერხდება ფრაგმენტულობის გამო).
სასახლეს სამხრეთის მხრიდან, შესასვლელის აღმოსავლეთით ორი სართულის სიმაღლეზე ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს მიშენებული. ამავე ფასადზე სახლს მეორე სართულზე აივანი ქონია – შემორჩენილია აივნის საბჯენის ფოსოები.
სათავსის პირველ სართულთან ხვრელით დაკავშირებულია სასახლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზე მიდგმული ქვის საწნახელი. საწნახელი ერთნავიანია, ჩრდილო-სამხრეთის ღერძზე წაგრძელებული.სახლს წინიდან გალავანი ქონია.
კომპლექსი თავისი მოცულობით მაღალი ფენის წარმომადგენლის საცხოვრისია. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად საცხოვრებელი ნაგებობები უფრო მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი საქართველოში, მით უფრო აღმოსავლეთ საქართველოში სამსართულიანი
საცხოვრებლები იშვიათია, კომპლექსი ღირებული ნაგებობაა და იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს.