პუტინი-მერკელის შეხვედრაზე განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა, რატომ არ იყო საქართველოზე საუბარი ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრისას.
„როდესაც საერთაშორისო დღის წესრიგზე ვსაუბრობთ, აქ არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გერმანია – ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ჩვენი უძველესი მოკავშირე დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წუთიდან. სწორედ ამის გამოხატულებაა გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რამდენიმე დღეში შედგება. რაც შეეხება პუტინი-მერკელის შეხვედრას, განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ეს დღეს საქართველოში არ ხდება. ქვეყნის დეოკუპაცია არის უმთავრესი ამოცანა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორისთვის“, -განაცხადა სუბარმა.