ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაიაში მდებარე შუა საუკუნეების წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას 2018 წლის 3 აგვისტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ტაძარი მაღალ ბორცვზე მდებარეობს, რომლის ფერდობები ფართოფოთლოვანი ხეებითაა დაბურული. ამ მთას ადგილობრივები ,,ოხვამეფერდს’’ ეძახიან. ეკლესია უფრო ძველი და დიდი ტაძრის ადგილზეა აშენებული, რასაც მოწმობს ნაგებობის ირგვლივ მდებარე ერთ მეტრამდე სიფართის ძველი საძირკველი. ტაძარში აშკარად შეიმჩნევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. როგორც ჩანს, სარესტავრაციო სამუშაოებისას სხვადასხვა დროს გამოუყენებიათ ქვიშაქვები, კირქვის კვადრები, რიყის ქვა, ქართული აგური. ტაძარი გეგმაზე ხუთკუთხა შვერილაფსიდიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. აფსიდიში სამი სარკმელი განუთავსებიათ, ორ-ორი სარკმელია სამხრეთისა და ჩრდილოეთის, ხოლო ერთი დასავლეთის კედელზე. სარკმლები მოჩარჩოებულია კარგად თლილი კირქვით. ტაძარში შესასვლელი კარის ღიობი გაჭრილია ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე. კარების ღიობებს ხურავს კირქვის ტიმპანები ჯვრის რელიეფით. დასავლეთის სარკმლის ორივე მხარეს რამდენიმე კვადრისაგან შემდგარი მართკუთხედია, რომლებზედაც ჯვარის რელიეფური გამოსახულებაა. სამხრეთ და ჩრდილოეთის კედლებს ინტერიერში აქვს დეკორატიული სამ-სამი ცრუ თაღი. საკურთხეველი ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილია ოდნავ შემაღლებული ამბიონით, საკურთხევლის ორივე მხარეს ცრუ თაღით შემოსაზღვრული შეწეული მოცულობაა, რომელიც, სავარაუდოდ, სადიაკვნესა და სამკვეთლოს ფუნქციებს ასრულებდა. ჩრდილოეთის კარის მარჯვნივ ჩატანებულია წარწერიანი ქვის ლოდი იგი მხედრული ასოებით არის შესრულებული, მასში არ ჩანს ავტორის ვინაობა, სულ სამ სტრიქონიანია, მეოთხე სტრიქონი კი ძალიან უხეში ასოებით ამოუტვიფრიათ, სადაც ორჯერ მკრთალად მეორდება: ,,ესე საყდარ, ესე საყდარ აშენდა’’, შემდეგ კი გარკვევით წერია: ,,ესე საყდარი აშენდა’’.
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, ფასადთა მორთულობა.