პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ოპონენტების ბრალდებების მიუხედავად, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ყველა არჩევნები წარმატებულად ჩატარდა.
„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტისგან მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები. ყველაზე კარგი პასუხი ასეთ ბრალდებებზე არის ის არჩევნები, რომლებიც ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, რომელიც შეფასდა უმაღლესი სტანდარტით. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ამოცანა“,-განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება მამუკა ბახტაძის შეფასებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ბახტაძე ამბობს, რომ მომხდარს ცესკომ შესაბამისი პასუხი უკვე გასცა.
„რაც შეეხება იმ კადრებს, რომელიც გამოქვეყნდა მედიაში, ბუნებრივია, მე ვიცი, რომ ცესკომ ამას პასუხი გასცა. რაც შეეხება ჩვენს განწყობებს და მიდგომებს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ზუსტად ისეთ საკითხებს, როგორიცაა, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის რესურსის გამოყენება არჩევნებზე“,- განაცხადა პრემიერმა.