საქართველოს პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. მამუკა ბახტაძეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა.
ქართულ დელეგაციაში საქართველოს ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, დეპუტატი ზვიად ძიძიგური იმყოფებიან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე დღეს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება. დღესვე დაგეგმილია ვიზიტი მილი მეჯლისში, სადაც პრემიერს პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ და ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ერთობლივ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის, გაზის სამხრეთის დერეფნის, TAP-ისა და TANAP-ის პროექტებს.