ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, ირაკლი აბუსერიძე ეხმაურება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას უცხოელების ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ და დადებითად აფასებს ინიციატივას. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ინიციატივა არის გააზრებული და გეგმაზომიერი, რომელიც უფრო მეტად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.
„მინდა გამოვეხმაურო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის გაცემის წესის ცვლილების შესახებ. ეს არის აბსოლუტურად სწორი, გააზრებული და გეგმაზომიერი ინიციატივა, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს. ამ სფეროში გარკვეული ხარვეზები არსებობს და ცვლილებები აუცილებელია. არსებული კანონმდებლობა ბინადრობის მოწმობის მისაღებად საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც ხელს არ უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ახალი ინიციატივით, ეს ხარვეზები აღმოიფხვრება და საქართველო ღია დარჩება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც კანონის დაცვით იცხოვრებენ ჩვენს ქვეყანაში და გააგრძელებენ საინვესტიციო საქმიანობის წარმოებას“, – აცხადებს დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე.