შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი შეხვედრა.
დავით ზალკალიანმა შვედ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. დამატებით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, სამართალდაცვით, განათლებისა და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავებას. მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს, რაც სოლიდურ საფუძველს ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა მაღალი ტრიბუნიდან აჟღერებენ. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ასევე, აღინიშნა შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თანაავტორის, პოზიტიური წვლილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მინისტრმა ხაზი გაუსვა შვედეთის მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
ქართულმა მხარემ ასევე მადლიერება გამოხატა განვითარების სფეროში შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მინისტრმა ხაზი გაუსვა შვედური ინსტიტუტის სტიპენდიების მნიშვნელობას, რომელიც სტუდენტებს შვედეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
შვედმა დიპლომატმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-შვედური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ულრიკ ტიდესტრომმა კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.