„მსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და გამოვეხმაურო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სირიის რეჟიმი შეყვანილი იქნა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ვერ მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების გამო ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არის გამოძახილი იმ ჩანაწერისა, რომელიც განხორციელდა აშშ-ის ასიგნებათა აქტში და აღნიშნული მხარდაჭერა გამოხატულია როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე.“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იგივე შეზღუდვები მოქმედებს ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუსთან მიმართებით.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მართალია სირია დღეისთვის არ არის აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერის ბენეფიციარი, თუმცა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღნიშნულის დაფიქსირება აშშ-ს საკანონმდებლო დონეზე და მისი პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისათვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მტკიცე და ქმედით მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას „ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მკაფიო გზავნილი აშშ-ის მხრიდან, რომ ის არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ისეთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, როგორიც გახლავთ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“ – დასძინა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 ფისკალური წლების აშშ-ის ასიგნებების აქტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერის შესაბამისად, აშშ-ს ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.