საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული პროექტი ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად უნდა მიიღონ. ამის შესახებ ბახტაძემ ვაშინგტონში ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად თქვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამ საკითხისადმი ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა აქვს. ბახტაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, რათა კიდევ ერთხელ კარგად განიმარტოს და მოსმენილი იყოს ამ კანონპროექტის როგორც მხარდამჭერი, ისე სასინააღმდეგო არგუმენტები და პოზიციები შეჯერდეს.
“გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იყო აუცილებლად მისაღები, სხვანაირად, ვფიქრობ, იქნებოდა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ არ შემოგვეღო ახალი რეგულაციები. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება კანონპროექტის მეორე ნაწილს, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. ეს უნდა იყოს ფართო საზოგადებრივი კონსენსუსი, სადაც ყველა შევთანხმდებით, თუ რა გამოწვევები შეიძლება ახლდეს ამ გადაწყვეტილებას და როგორ უნდა მოვახდინოთ მათთან გამკლავება და მათი ნიველირება. ჩვენ მსგავს გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ ადმინისტრაციული წესით, მკაცრად, ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ეს არის ისეთი საკითხი, სადაც საჭიროა ფართო სამოქალაქო ჩართულობა და შესაბამისი კონსენსუსით ამ გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.