17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, №6 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები, კობა კობალაძე და ირაკლი აბუსერიძე. ასევე, მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დავით რურუა.
შეხვედრაზე განიხილეს სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ტენდენციები და არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობის პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე. „თბილისის მაგალითზე რომ განვიხილოთ, სპორტული ობიექტების განვითარება უნდა მოხდეს უბნების მიხედვით. თბილისის მასშტაბით არის ადგილები, სადაც მცირე სათამაშო მოედნებიც კი არ არის. ჯანმრთელი გარემოს შექმნით კი ხელს შევუწყობთ ჯანსაღი თაობების აღზრდას,“ – განაცხადა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.