სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება.
„იბერია“ ბავშვობაში მახსოვს და ახლა გავიგონე, რომ ასეთი ტელეკომპანია არის, ბოდიშს ვიხდი. სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ასეთ დალაგების მექანიზმებთან. როცა პროკურატურაში გაირკვევა ეს საკითხი, დიდი ალბათობით ჩემთან მიმართებაში კითხვები არც იქნება. სიგარეტის მომხმარებელი არ ვარ და არც „ომეგასთან“ დაკავშირებით არასოდეს არაფერი მსმენია. ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსაც არ ვიცნობ. მთელ ჩემს სამსახურეობრივ კარიერას ვდებ სასწორზე და ვამბობ – არანაირ მსგავს გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ ადგილას და გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ, რომლის განმარტებითვე, მიუხედავად ჩანაწერების გავრცელებისა, მას სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან საუბარი არ ჰქონია და არაფრის გარკვევას არ გეგმავს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ესაუბრებოდა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და ეუბნება, რომ გამოყოს სამ მილიონ ნახევარი ლარი, საიდანაც ერთ მილიონს ბიუჯეტში გადაიხდის, ორნახევარს კი შუამავლებს მისცემს. ანზორ ჩუბინიძე კი ის ადამიანია, ვინც ყიფიანის თქმით, ახალ პრემიერთან „ომეგა ჯგუფის“ პრობლემები უნდა მოაგვაროს.