ოქუაშვილს მოუწევს იმ 50 მილიონის გადახდა, რომელიც საბიუჯეტო დავალიანება აქვს და ვერაფერი უშველის, ვერც ჩანაწერები, ვერც ვერავის მხილება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული ფარული ჩანაწერების თაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არც ვანო ჩხარტიშვილი და არც იმ საუბრებში მონაწილე სხვა პირები სახელმწიფო არაა და ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ყველა საუბარზე, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხება. ამასთან, გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.
„ვანო ჩხარტიშვილი და ის ადამიანები არ არიან სახელმწიფო. ყველა საუბარზე ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას. თუ არის კითხვები, მას პასუხები გაეცემა. ჩვენი მოპოვებული თავისუფლებით ეს ადამიანები ცდილობენ საკუთარი სიბინძურის მოხვევას ქვეყანაზე. სანამ ეს არის გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში, დარჩება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში. როგორც კი ეს გასცდება გამოხატვის თავისუფლებას და კანონის დარღვევის სახეს მიიღებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ რეაქცია უმკაცრესი იქნება. კანონის დამრღვევი იმ თამაშის წესების მიღმა ვერ დარჩება, რომელსაც სახელმწიფო ადგენს. როგორც ოქუაშვილს მოუწევს იმ 50 მილიონის გადახდა, რომელიც საბიუჯეტო დავალიანება აქვს და ვერაფერი უშველის, ვერც ჩანაწერები, ვერც ვერავის მხილება და ვისაც ამხელს, თუ დანაშაული დადგინდება, ის ადამიანებიც ბუნებრივია პასუხისმგებლობის ქვეშ დადგებიან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.