თუ ვინმემ იცის, რას ნიშნავს შიდა დაპირისპირება, ეს, პირველ რიგში, იცის სამეგრელომ, – ამის შესახებ საქართველოს დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის სამეგრელოს რეგიონში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„თუ ვინმემ იცის, რას ნიშნავს შიდა დაპირისპირება, ეს, პირველ რიგში, იცის სამეგრელომ. ჩვენი – ყველას მიზანია დაპირისპირების დაძლევა, ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება. თუ საზოგადოება შეკრული არ არის, მას უჭირს წინსვლა. ჩვენი მთავარი მიზნების მიღწევას მხოლოდ ერთი კაცი ვერ შეძლებს. ამ მიზნის ასრულებაში ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. მე ვიქნები საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.