ის აგრესია, სიძულვილი, ცილისწამება, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ისმის, საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა წალენჯიხის კინოთეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ის რაც დღეს ხდება, აგრესია, სიძულვილი, ცილისწამება და ა.შ, არაფერს ნიშნავს. ის უკვე წარსულს ეკუთვნის. ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა სისტემის, რომელიც ვერა და ვერ მოვიშორეთ. რაღაცნაირად გვეწებება. ამას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მე ვფიქრობდი. მე რომ ჩამოვედი 2003 წელს, როგორც საფრანგეთის ელჩი და შემდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მეგონა, ეს დრო დამთავრდა. მართალია, სააკაშვილს ვხედავდი იმ დროს, როგორც მას, ვინც მართლა გაგვიყვანდა გზის ბოლოში, რომ მართლაც მოაშორებდა იმ ძველ საბჭოთა მენტალობას. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ჯერ კიდევ ვტრიალებთ ამ წუმპეში, ამ ჭაობში და ვეღარ გამოვდივართ. ის ძალიან დიდი ცილისწამება, რაც მოდის ჩემს მიმართ, როცა შედიხარ პოლიტიკაში ამისთვისაც მზად უნდა იყო და მზად ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული ძალა და საპრეზიდენტო კანდიდატები არა გამარჯვებისთვის, არამედ დესტაბილიზაციის შემოტანისთვის ემზადებიან.
„რეალურად ეს ძალა არ იბრძვის გამარჯვებისთვის. რომ იბრძოდეს გამარჯვებისთვის, სხვა პიროვნებებს დააყენებდნენ წინ და არა მათ, ვინც არიან დღეს ვითომ კანდიდატები. არ იბრძვის ამისთვის. იბრძვიან სულ სხვა რამისთვის, რაც იყო აქ ნახსენები, დესტაბილიზაციის მცდელობა. ამიტომ არის ეს დისკრედიტაცია გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ, რომ შემდგომ თქვან და ეს უკვე ისმის, იმდენად დისკრედიტირებული არის „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, რომ გაამარჯვებინონ, „ოცნება“ იძულებული იქნება, გააყალბოს არჩევნები. უკვე ემზადებიან იმ შემდგომი დღისთვის, როცა იტყვიან, რომ საშინლად გაყალბდა არჩევნები. უკვე მზად აქვთ ის საჩივრები, რომლებიც უნდა შეიტანონ. მითხრეს რაოდენობა, რაღაც 7 000 საჩივარი. ამათ იმედი აქვთ, რომ ხალხს გამოიყვანენ ქუჩაში. შეიძლება კიდევ დესტაბილიზაციის სხვა ელემენტი მოიხმარონ, რომელიც უკვე ჩანს თბილისის ქუჩებში. ეს არის გეგმა არა გამარჯვების, არა არჩევნებით გამარჯვების, რისთვისაც ვიბრძვით ამდენი ხანია, მაგრამ ამ არჩევნების ირგვლივ შექმნილი სიტუაციის, დესტაბილიზაციის ისევ შემოტანა თუ გაგრძელება ქვეყანაში. ეს გეგმა, ცხადია, არ გაიმარჯვებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნისათვის დესტაბილიზაცია აღარ შეიძლება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.