საქართველოში ინერგება ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს, საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვნერგავთ რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებას. შემოგვაქვს ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოუსვლელად საშუალებას მისცემს მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა. 34-ვე ქვეყანა არის ეკონომიკურად განვითარებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ფინანსური ცენტრი. შესაბამისად, ყველა უწყებას მიეცემა დავალება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი კი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ჩვენი მიზანია, მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე“, – განაცხადა ბახტაძემ.