ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შფოთვის შემოტანა არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტირებისას აღნიშნა.
„ჩვენთვის მისაღებია ყველაფერი, რომელიც ევროპული ტიპის დემოკრატიად საქართველოს ტრანსფორმაციას ემსახურება. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ბევრი ჩვენი ოპონენტისგან ეს ლიტონსიტყვებად რჩება. მე ევროპულ ქვეყანაში მსგავს წინასაარჩევნო პერიოდს არ ვიცნობ, რადგან ეს იმ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება რისკენაც ჩვენ მივისწრფვით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ნეგატიური ფაქტია. ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შფოთვის შემოტანა არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში.
პოლიტიკურ დებატებში საუბარი ამაზე იყოს. საუბარი იყოს იმაზე, როგორ მოვახდინოთ მაგალითად იმ ვალდებულებების უფრო დროული შეფასება, რომელიც როგორც ევროკავშირის ასევე ნატო-ს წინაშე გვაქვს აღებული. სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილისგან ამ განწყობას ვერ ვხედავთ. თქვენ იცით, რომ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვისაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, განაცხადა, როგორი ტიპის კამპანიის ჩატარების განწყობა ჰქონდა. სამწუხაროდ ოპონენტებმა ამ ყველაფერს ისევ სიძულვილის ენა და პიროვნული შეურაცხყოფები დაუპირისპირეს. რა თქმა უნდა, ეს ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის სრულიად მიუღებელია. ამავე დროს ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა კარგად დაინახოს ცხოვრებაში ვის რა ფასეულობები ამოძრავებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.