ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კაი კაარელსონს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ფრაქციათაშორისი ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური მიმართულებებით არსებულ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობასა და რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს რეფორმები, რომლებიც ესტონურ მოდელს ეფუძნება.
საუბრის თემატიკა შეეხო ესტონეთში ელექტრონული მმართველობის განვითარების გლობალური მოდელის იმპლემენტაციას და საქართველოში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს. ესტონეთის ელჩმა აღინიშნა, რომ საქართველოსთვის, რომელიც ასევე ცდილობს დანერგოს ელექტრონული მმართველობის მიღწევები, ესტონური გამოცდილება მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
კაია კაარელსონი განსაკუთრებით დაინტერესდა ურბანული განვითარების ფარგლებში მწვანე სივრცეებისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების მიზნით ფრაქციის საქმიანობითა და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ჩემი აზრით, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების პარალელურად, საქართველოში აუცილებელია ჯანსაღ გარემოსა და რეკრეაციაზე ყურადღების გამახვილება. მე აქტიურად ვუწევ ადვოკატირებას ჯანსაღი ცხოვრების წესსა და რეკრეაციული ტერიტორიების შენარჩუნებას, შესაბამისად, მოხარული ვიქნები, თუ ამ მიმართულებით ჩვენს შესაძლებლობებს გავაერთიანებთ.“
ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ ელჩს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის და სამომავლო საკანონმდებლო საქმიანობის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოხატა: „მოხარული ვარ, რომ გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში საერთო ინტერესის სფეროები აღმოვაჩინეთ. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით ესტონეთის გამოცდილების გაზიარება კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.“