ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი ერთი მიზნით, რომ საქმე ერთად გავაკეთოთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით არ უნდა იყოს კონფრონტაცია სხვადასხვა სახელისუფლებო შტოსთან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის განმარტებით, ეს არ ნიშნავს მორჩილებას.
„საქმისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც უნდა გამოვიდეთ ყველანაირი კონფრონტაციიდან. საკმარისად ვთქვი, შიგნით არ უნდა იყოს არანაირი დაპირისპირება, თუ გვინდა, რომ ვიყოთ ისეთი შეკრული საზოგადოება, რომელიც რეალურად ქვეყანას სჭირდება და ქვეყანას აძლევს ნიადაგს, რომელიც მას სჭირდება. არაკონფრონტაცია პრეზიდენტსა და სხვა ინსტიტუტებს შორის, არაკონფრონტაცია მთავრობასთან, პარლამენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რადგან ეს ყველაფერი გვაფერხებს. ეს არ ნიშნავს მორჩილებას, არ ნიშნავს, რომ შენი პრინციპები არ გაქვს. ამ ხედვას ყველა ფორმით, ყველანაირად წინ წაწევ და გაუზიარებ, ეს ნიშნავს, რომ გაიგე, ამ ქვეყანას საქმის გასაკეთებლად სჭირდება თანამშრომლობა.
არაკონფრონტაცია გარეთ, რამეთუ ჩვენი რეგიონი ყოველდღიურად უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი საფრთხის მომცველი ხდება. ვართ სტაბილური ქვეყანა, ასევე ვართ სტაბილურობის კუნძული ამ რეგიონში. ამიტომ საჭიროა, ამ რეგიონში ჩვენ კი არ შევქმნათ დამატებითი დაძაბულობის ადგილი, არამედ უნდა ვიყოთ ყურადღებით, გაგებითა და გათვლებით, ასევე უნდა ვიყოთ სიფრთხილითა და გამბედაობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.