მომავალ პრეზიდენტს მინდა ვურჩიო, რომ დაიცვას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფლებები, რადგან სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ მას ამ საკითხებთან დაკავშირებით მძიმე კომენტარების გაკეთება არ მოუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ აქვს განცდა, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვეტილია.
„დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, გვყავს ადამიანები, რომლებიც სამუშაოზე გადიან როგორც ბრძოლის ველზე, იმიტომ, რომ არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა ცოცხლები. მათ უხდებათ თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ოჯახის წევრთა ფინანსური უზრუნველყოფა. შესაბამისად, საპრეზიდენტო კანდიდატებს ვურჩევ, რომ დაეყრდნონ საქართველოს კონსტიტუციას და თქვან, რომ ისინი დაიცავენ ამ ადამიანების უფლებებს. მომავალ პრეზიდენტს მინდა ვურჩიო, რომ დაიცვას ეს უფლებები, რადგან სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ ეს საკითხი რაიმენაირად მაინც გადაწყვეტილია. ასევე, სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ მომავალ პრეზიდენტს არ მოუწევს ამ საკითხებთან დაკავშირებით მძიმე კომენტარების გაკეთება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.