წყალტუბოს სოფელ მაღლაკში შეიარაღებული ჯგუფის წევრები რამდენიმე საათის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს და მამამისს გამოსასყიდ თანხას სთხოვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად კი, დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა.
ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.