საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში აუცილებლად დაიწყება საუბარი.
როგორც ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუში ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იყო საუბარი.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, რათა ქვეყანა წინ წავიდეს.
„ბევრი ნაცნობი თემა იყო გუშინდელ ინტერვიუში. „რუსთავი 2“ რაც არის ქვეყნისთვის, ყველამ კარგად ვიცით. მთავარი რაც ითქვა, მან თქვა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი რაღაცნაირად დალაგდება და მოწესრიგდება”, – განაცხადა დეპუტატმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
მისი თქმით, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ.
„მე ვპირდები საზოგადოებას პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი უპირატესობა, რითაც წარმატებას მივაღწიე. მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს. ამისთვის მოვბრუნდი სწორედ, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.