საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.
„რდესაც ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტად მიიჩნევს, ინტერვიუზე პარტიული დღის წესრიგით მიდის და ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ რესპონდენტს კითხვებზე პასუხის გაცემა არ აცალოს, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ინტერვიუში ბევრი რამ იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ის, რაც წინ გველოდება – ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურდება პოლიტიკურ პროცესებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანასაც ძალიან სჭირდება. ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ გეგმებზე საუბრობდა და იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტებს ეკითხათ, თუ რას გულისხმობდა ამ ერთწლიან გეგმებში, პარტიული დღის წესრიგის ფრიალი ვიხილეთ. ეს დისკუსია ბევრად უფრო საინტერესო შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მოსახლეობამ და ამომრჩეველმა საკმარისი ინფორმაცია ვერ მიიღო. არ მიმაჩნია, რომ გუშინდელ ინტერვიუში ადგილი ჰქონდა პრობლემების „რუსთავის 2“-სთვის გადაბრალებას. საუბარი იყო პრობლემებზე, რაც ქვეყანას ბევრი აქვს, რასაც ყველა ძალიან ნათლად და მკაფიოდ აცნობიერებს, მაგრამ როდესაც ისედაც ღარიბ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში დამატებით ძალიან ისტერიული და დეპრესიული ფონი იქმნება, რაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დღის წესრიგია, მას ამაზე საუბარი მოუწია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.