სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდს მხრიდან – თუ რომელიმე ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, პარტიის თავმჯდომარის მესიჯი სწორედ მათ ეხებოდათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, თუ რატომ უჭერს მხარს თავისუფალ კანდიდატს.
„დღეს „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ისევე როგორც წარმოდგენილია უმრავლესობით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ჩვენი გუნდის პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული წარმომადგენლობა ყველა დონეზე. მაგრამ, ამავე დროს ჩვენ, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარმოგვიდგენია სწორედ ზეპარტიულ ფიგურად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია ითამაშოს თავისუფალი და ზეპარტიული როლი იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქვეყანას დასჭირდება.
ამასთან ერთად, ჩვენი პოლიტიკური ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილი არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. სწორედ ამ ამოცანებიდან, ამ მიზნებიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მესიჯიც ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, თუ ასეთები ჯერ კიდევ არიან და არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთ პოზიციაში, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს ამ მიზნების და ფასეულობების მხარდაჭერას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
“აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმასამი ტელევიზიის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.