ამ არჩევნების მერე 2 წელი, მომდევნო არჩევნებამდე უნდა დავუთმოთ იმ პრობლემების მოგვარებას და გამოწვევების დაძლევას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„28 ოქტომბერს სასწორის ორ მხარეს დგას სიყალბე და სიმართლე, საკუთარი დანაშაულის შენიღბვით ნაკარნახევი აგრესია და სუფთა წარსულით გამყარებული ღირსება, ქვეყნის მიმართ უპასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული, მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და განვითარება უკეთესი მომავლისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. 28 ოქტომბერს ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიმართლე, ღირსება, სამშობლოს სიყვარული, წინსვლა, „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი. ამ არჩევნების მერე, მომდევნო არჩევნებამდე ორი წელი უნდა დავუთმოთ იმ პრობლემების მოგვარებას და გამოწვევების დაძლევას, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა გახდეს არა მოდუნების მიზეზი, არამედ განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის გაათკეცების საფუძველი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.