გორში, 8 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.
დაკავებულის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა.
იაგო ნებიერიძის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს ასევე ადვოკატი მამუკა ნოზაძე. მისი თქმით, 11 წლის ბიჭი, რომლის გატაცების საქმეშიც ნებიერიძე ფიგურირებდა, დღემდე გაუჩინარებულია.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.