“ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური ჯგუფი “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყება და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აანონსებს.
“ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებიდან მალევე, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ევროპული საქართველო მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. ამ გაცხადებული მხარდაჭერისთვის ბაქრაძემ ვაშაძისგან მადლობაც მიიღო, თუმცა კონკრეტულად რა ფორმით დაუჭერს მხარს “ევროპული საქართველო” “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ჯერ უცნობია.
დღეს ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საკითხზე გუნდში კონსულტაციები გაიმართება.
“მთავარი ამოცანა სალომე ზურაბიშვილის დამარცხებაა. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს გრიგოლ ვაშაძეს შეუძლია. როგორ დავამარცხოთ სალომე ზურაბიშვილი, ამ საერთო ამოცანაზე კონსულტაციებს დავიწყებთ. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ მეორე ტურში მხარს პროდასავლურ კანდიდატს დავუჭერდით. ამ პირობას ვასრულებთ. ზურგს უკან გარიგება არ ყოფილა, პრინციპული პოზიცია იყო და ამას ვასრულებთ. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პრინციპულ ბრძოლას ვაპირებთ”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.