შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ნოემბერს, ხელვაჩაურში მომხდარი ავტოავარიის მონაწილე მძღოლი დააკავა. უწყების ცნობით, დამნაშავე მძღოლმა კვალის დაფარვის მიზნით, ავტომობილი ნაწილებად დაშალა.
საქმეზე დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ადამიანი. ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ღამით, თავისი კუთვნილი ავტომანქანით ხელვაჩაურში, ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს – 1970 წელს დაბადებულ ც.ს.-ს და 1962 წელს დაბადებულ დ.გ.-ს შეეჯახა და მიიმალა. ც.ს. ადგილზე გარდაიცვალა, დ.გ. კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
“ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, რომელიც დაკავებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ნაწილებად დაშალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”, – წერია შსს-ს განცხადებაში.