მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში პოლიციის მუშაობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სიმყარისთვის პოლიციას შესატყვისი პატივისცემა სჭირდება. „ყველა შემთხვევაში ოპონენტებს მოუწევთ კანონს და კონსტიტუციას პატივი სცენ, ისევე როგორც ყველა მოქალაქემ.
სახელმწიფოს სიმყარე დღეს არ არის იმაში, რომ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენო. ლამის ნორმად გადააქციეს ეს – ასე ვეღარ მოხდება და არ უნდა მოხდეს. არ იფიქროთ რომ პოლიციური სახელმწიფო გვინდოდეს, ღმერთმა დაგვიფაროს. პოლიციას შესატყვისი პატივისცემა სჭირდება. აბა ნახეთ ეს ბიჭები როგორი მოწიწებით იქცევიან და ამ დროს ამდენი შეურაცხყოფა უკვე ვნახეთ, რომელიც საჯაროდ ადგება პოლიციას. სახელმწიფო ასეთი ვერ იქნება – წარმოიდგინეთ ევროპაში მსგავსიც კი, გერმანიაში ან საფრანგეთში. პოლიციას ირიბად რომ შეხედო პასუხს მოგთხოვს. სახელმწიფო სახელმწიფოს უნდა დავამსგავსოთ და ეს მოხდება სწორედ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.