პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს. როგორც მან გადაცემა “იმედი LIVE”-თან ინტერვიუში განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი იდეალური საპრეზიდენტო კანდიდატია.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველ პარტიასა და გუნდს სურს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები განვითარდეს. სწორედ აქედან გამომდინარე უჭერენ ისინი მხარს სალომე ზურაბიშვილს.
“კანდიდატი სწორედ ამის მიხედვით შეირჩა და შეირჩა იდეალური კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი. როგორ ბედავენ მის (სალომე ზურაბიშვილს) ენასა და აქცენტზე ყურადღების გამახვილებას? სალომეს დედაც კი საფრანგეთში დაიბადა, სალომეს მამამ ვერ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და ვერ მიიღო საფრანგეთის. ეს არის ჩვენი იდენტობა, რაზეც ჩვენ ვდგავართ. როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს?! ჯერ დედამ ისწავლა ქართული, შემდეგ სალომემ და ახლა ნახეთ მისი შვილები – ქართულად აღზარდა. აი ეს არის რასაც ვხედავთ – ევროპელი ქალბატონი.
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ძალიან მორიდებით და მოწიწებით ვარ. ვინც მისი ხასიათი იცის – ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატი ავირჩიეთ, თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა და გამოცდილება აქვს. გემოვნება აქვს ძალიან კარგი. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. ის, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, პირველ რიგში ის ავტორიტეტი, გამაერთიანებელი, ზეპარტიული უნდა იყოს. თუ კი რამ ასეთ ფუნქცია სჭირდება პრეზიდენტს, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამასთან შესატყვისობაში მოდის. აბა შეხედეთ მეორე კანდიდატს – არცერთ პირობას არ აკმაყოფილებს”, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც კულტურულად იქცეოდა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.