„2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და “ქართული ოცნება“ გახლავთ იმის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღევანდელი დღე არის იმის ყველაზე კარგი დასტური, თუ როგორი პროგრესი განიცადა საქართველომ დემოკრატიის გზაზე.
“ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ბუნებრივია, დემოკრატიის განვითარებამ და ამ წარმატებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, fake news-ების უზარმაზარი ტალღა ვიხილეთ და ეს ყველაფერი მათი ნარატივის ნაწილია. თუ რომელიმე ორგანიზაციას ან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სახის დარღვევისა თუ ხარვეზის შესახებ, აუცილებელია, დროულად მოხდეს ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი რეაგირების საშუალება ჰქონდეს. როდესაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა მოხდეს ყველას მხრიდან. თუ არსებობს კონკრეტული დარღვევა და ინფორმაცია, ეს უნდა მიეწოდოთ შესაბამის ორგანოებს”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური სრულიად უსაფუძვლოსა და “ყურით მოთრეულს” უწოდებს ბრალდებებს, თითქოს მთავრობა ახალი ინიციატივებით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.
პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ადამიანს, ვისაც აქვს კონკრეტული ფაქტები შესაძლო დარღვევების შესახებ, მოუწოდა, დროულად მიმართონ შესაბამის ორგანოებს რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს “ნებისმიერ სიმახინჯეზე”, თუ ის არსებობს.
“თუმცა, ჩვენ ისეთ დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე, მე, როგორც მოქალაქე, არც იმას გამოვრიცხავ, თვითონ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდეს გარკვეული სცენების დადგმას ან დეზინფორმაციის პოპულარიზაციას, რაც მათ არაერხთელ გაუკეთებიათ. ამიტომ, აუცილებელია, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს და მას აქვს კონკრეტული საფუძველი, ის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც საზოგადოების, ისე საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“fake news-ების უზარმაზარი ტალღა ვიხილეთ და ეს ყველაფერი მათი ნარატივის ნაწილია”
2018/11/21 19:34:32
კომენტარები
ნანახია: 755 ჯერ