ძალიან დიდი უსამართლობა, სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანთ, რომელსაც ამდენი წელია ველოდებით. რამდენი რამ დაგვაბრალეს და მტკიცებულებაც კი არ დევს საქმეში, – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.
საბოლოო სიტყვით ისარგებლეს დანარჩენმა ფოტორეპორტიორებმაც.
„ემოციების გარეშე ვერ ვუდგები ამ საქმეს და ვერც ერთი წელი ვერ ჩრდილავს იმას, რა ემოციაც და ტრავმაც მივიღე. იმედი მაქვს, მომეცემა იმის საშუალება, ეს მორალური ტრავმა რაც მე მიმაღებინეს, დღევანდელმა დღემ გააბათილოს და ეს 7 წელი და 4 თვე დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა ნათია გედენიძემ.
მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და დაზარალებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.