გუშინდლიდან ჩვენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი დაიწერა. ეს ფურცელი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არასდროს ვიყავით ჯაშუშები, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნათია გედენიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებასაც უპასუხა.
„რაც შეეხება ბატონ გიგის – ბატონი გიგის მმართველობის პერიოდმა ჩვენ გვაქცია მსხვერპლებად. მე, პირადად, 2 შვილი დამატოვებინა 48 საათით. 48 საათი არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ, არის საოცრად დიდი დრო, როცა ხარ დედა, არ იცი შვილების მომავალი, არ იცი, რა გელის. მხოლოდ იმას გაგებინებენ, რომ აღარც დედა, აღარც ქალი შენში აღარ გაცოცხლდება და არავის დაჭირდები, სულ ერთია, სად იქნები.
მე ვფიქრობ, რომ ბოდიშის მოხდა უჭირთ. ჩვენ ვაძლევთ მათ დროს და საშუალებას, რომ ეს ბოდიში გუშინ თუ ვერ, დღეს, ხვალ, ზეგ, ან ოდესმე მოიხადონ. დღეს გიორგობა დღეა, ხატთან მოიხადონ ბოდიში, ჩაიხედონთ თავიანთ სულში.
გუშინდლიდან ჩვენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი დაიწერა. ეს ფურცელი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არასდროს ვიყავით ჯაშუშები.
ჩვენ ვიბრძოდით, ვაკეთებდით ჩვენს საქმეს და საბედნიეროდ, დღეს ისევ ვაკეთებთ იგივე საქმეს, ვქმნით ისტორიას და ამით არაფერს ვაფუჭებთ“, – განაცხადა გედენიძემ.
მისივე თქმით, ფოტორეპორტიორების სურვილია, საქმეს გრიფი მოეხსნას.
„ამით ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ. სანამ გამიშვებდნენ მოდულის შენობიდან, უამრავ თეთრ ფურცელზე მაქვს ხელი მოწერილი და ძალიან მაინტერესებს იმ თეთრ ფურცლებზე შემდეგ რა დაიბეჭდა“, – განაცხადა გედენიძემ.
ნათია გედენიძე – სანამ გამიშვებდნენ მოდულის შენობიდან, უამრავ თეთრ ფურცელზე მაქვს ხელი მოწერილი
23.11.2018 14:27:49

კომენტარები
ნანახია: 809 ჯერ