შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსს – ომერ ფიშერსა და პროგრამის ასისტენტს – ალექსანდერ სეკულიჩს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებების დამცველთა საქმიანობის ხელშეწყობისა და მათი დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანი, მისი საქმიანობა, განხორციელებული აქტივობები და არსებული გამოწვევები.
საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის, მათი დაცვის საშუალებების, მექანიზმებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.