სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, სახალხო დამცველის მიერ მიწვეულმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეიმუშავა დასკნა, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მერაბიშვილისთვის სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია, და რომ სპეციალისტების კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები მსჯავრდებულს ოპერატიულად უტარდებოდა.
“საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი მოთავსებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკა “მედიქლაბ ჯორჯიაში”, სადაც 3 ოქტომბერს ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და დაისვა ერთობლივი დიაგნოზი – ჰორნერის სინდრომი, რომლის გენეზიც, ექიმთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, იდიოპათიურია, ჰორნერის სინდრომის გამომწვევი გამოხატული პათოლოგია არ ვლინდება. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება შესაძლო მწვავე და ქრონიკული სინუსიტის შედეგად გამოწვეული ჰორნერის სინდრომის შესახებ. გამოკვლევა რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა და პათოლოგია არ გამოვლინდა, ასევე გამოირიცხა ონკოლოგიური პათოლოგიის არსებობა
კლინიკაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულისთვის ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა ლიმფოციტების უმნიშვნელო მატება. ამასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკის ექიმების, ასევე კონსილიუმში მონაწილე ექიმ-სპეციალისტების მიერ დამატებით გამოკვლევის ან/და მკურნალობის საჭიროების შესახებ რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა,”- წერია განცხადებაში.
ამავე ცნობით, სახალხო დამცველმა, დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ლიმფოციტების დამატებითი კვლევა რეკომენდებულად მიიჩნია. მოცემული რეკომენდაცია გაზიარებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ და მისი შესრულება ამჟამად მიმდინარეობს.
ვანო მერაბიშვილი 26 სექტემბერსაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაშინ მერაბიშვილს გამოკვლევები “ავერსის” კლინიკაში ჩაუტარდა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.
ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.
2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.