რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი, – ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის სცენართან დაკავშირებით განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო სცენარების ვარიანტებს დღეს ან ხვალ გაეცნობა.
რაც შეეხება ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს, სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ინაუგურაციაზე ქალთა წარმომადგენლობა იმ ფაქტის შესატყვისი იქნება, რომ საქართველოში ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.
„ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებზე კომისიაა პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ალბათ, დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა. დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ სცენარების რა ვარიანტებია. რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი. მე მგონი, საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება. ერთი მხრივ, იქნებიან ის სტუმრები, რომლებიც პროტოკოლით არიან გათვალისწინებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლი მოსაწვევს აგზავნის ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, ვინც ჩვენი პარტნიორია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩამოვა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა შესატყვისი იქნება იმ ფაქტის, რომ საქართველოში აირჩიეს ქალი პრეზიდენტი. მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები იმ კონტაქტებიდან, რაც უცხოეთში გამაჩნია,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე – რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც ევროპულ ფორმად ვთვლი
2018/12/06 14:27:46

ნანახია: 762 ჯერ