გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხის რეგულაცია მნიშვნელოვანი საკითხია.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუნდის პოზიცია ახალ კონსტიტუციაშია ასახული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხი რეგულირდებოდეს, ზუსტად ამიტომ კონსტიტუციაში ავსახეთ, იმისთვის, რომ მყარი კონსტიტუციური გარანტია გვქონოდა და ასეთი საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი მიიღებდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რეგულირდებოდეს.
ეს არის ისეთი უნიკალური აქტივი, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ვექცეოდეთ. ვფიქრობ, გუნდის პოზიციაც ძალიან მკაფიოა, ძალიან მალე ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და ეს საკითხი დარეგულირდება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.
“ძალიან მალე ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და ეს საკითხი დარეგულირდება”
2018/12/11 18:05:35
კომენტარები
ნანახია: 643 ჯერ