მერაბ მეტრეველს ვურჩევ, ჩემი სახელის ხსენებამდე პირი გამოირეცხოს, – ასე უპასუხა გურამ დონაძემ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთ-ერთი ლიდერის მერაბ მეტრეველის განცხადებას, სადაც მეტრეველმა მედიაპლურალიზმზე საუბრისას განაცხადა, რომ ”არ გაუკვირდება, თუ ხელისუფლების პიარის უფროსად გურამ დონაძე მოგვევლინება“.
”მერაბ მეტრეველი ჩემს სახელს არაერთხელ ახსენებს. მას ურჩევნია პირი გამოირეცხოს ჩემს ხსენებაზე. გურამ დონაძე არ არის დისკრედიტირებული პიროვნება. მერაბ მეტრეველს თუ პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდა პაატა ბურჭულაძის თვალში, ის ვერაფერს მიაღწევს ჩემი ხსენებით.
როცა მერაბ მეტრეველი ჟურნალისტობდა და იმ ადამიანს ემსახურებოდა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის დაძინებას სთხოვდა კოდუას, მე დამოუკიდებელ ტელევიზიაში ვმუშაობდი და მიუკერძოებელი ჟურნალისტი ვიყავი. მე დღემდე ვცდილობ გავერიდო ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს და დღემდე ჩემს საქმიანობას ვახორციელებ შეძლებისდაგვარად.
მე რომ მდომოდა პოლიტიკაში ჩართვა, მერაბ მეტრეველზე ადრე მქონდა შანსი. მე გარკვეულწილად პოლიტიკური საქმეების გამო რომ ვიდევნებოდი და დღეს არც ერთი დანაშაული არ დამიმტკიცდა, ეს არ აძლევს მერაბ მეტრეველს ჩემი სახელის დისკრედიტაციის საფუძველს”, – განაცხადა გურამ დონაძემ.
www.ipn.ge