ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პსჟ-მ გასვლაზე „ჩელსი“ 3:0 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 8:2 მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა.
სახლში 5:2 გამარჯვების შემდეგ, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეხვედრის გმირი კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და თამაში მარცხენა ფლანგზე დააწყებინა. ხვიჩამ დებიუტში სარი ჩამოიცილა და სანჩესის კარი დალაშქრა. მან გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
მერე ბარკოლამაც გაიტანა. კიდევ შეუგდო „კვარამ“ ლონდონელებს ბურთი კარში, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. შანსები მასპინძლებსაც ჰქონდათ, თუმცა საფონოვმა ოთხჯერ გადაარჩინა პარიზელები, ტრავმირებული ბარკოლას ნაცვლად მოედანზე შესულმა მეიულიუმ კი „კვარას“ წამოწყებული კომბინაცია დააგვირგვინა. ქართველი 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა და „პარი სენ ჟერმენმა“ ისევ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა – უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი 11 შეხვედრაში 7 გოლი და 4 საგოლე პასი.
პსჟ მეოთხედფინალში „ლივერპულსა“ და „გალათასარაის“ შორის გამარჯვებულს 7/9 და 14/16 აპრილს დაუპირისპირდება.
მომდევნო შეხვედრას „პარი სენ ჟერმენი“ 22 მარტს ჩაატარებს – ლიგა 1-ის ოცდამეშვიდე ტურში „ნიცას“ ესტუმრება.
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“
ჩელსი – პსჟ 0:3
გოლები: 0:1 კვარაცხელია (6), 0:2 ბარკოლა (14), 0:3 მეილიუ (62)

