გაჟღერებული მიზანი და სურვილი იმისა, თუ რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ კანონპროექტმა, ამ სულისკვეთებას ჩვენ ვეთანხმებით, უბრალოდ მე მგონია, რომ ეს გზა არასწორია და მინიმუმ შედეგს ვერ მოიტანს და შესაძლოა სხვა მიმართულებით საპირისპირო შედეგიც დააყენოს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული დადგენილება „ხალხის ძალამ“ გამოცემისთანავე გააპროტესტა.
„ის, რომ დადგენილების სახოთ მთავრობამ გამოსცა 6 და მეტი წლის ასაკის მანქანების შემოყვანის აკრძალვა, მეც და ჩემმა გუნდმაც გავაპროტესტეთ ეს საკითხი და იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან კომპრომისი, რომ ეს დადგენილება პრაქტიკულად გაუქმდა. ამას ჰქონდა ორი დადებითი მხარე, ერთი ის, რომ გაუქმდა ეს გადაწყვეტილება და აკრძალვას ჯობია არჩევანი და მეორე, რომ დადგენილებას იღებს მთავრობა პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში კანონის სახით შემოვიდა პარლამენტში. ეს კარგია, რადგან უფრო ფართო მსჯელობის შესაძლებლობა შეიქმნა და არა მხოლოდ მთავრობის მასშტაბით დადგენილების მიღება.
ამას ბოლომდე მხარი ვერ დავუჭირეთ, რადგან განუსაზღვრელად მაღალი გადასახადი დაწესდა 6 და მეტი წლოვანების ავტომობილებზე. გადასახადი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ის აღწევდეს მიზანს და არ სცდებოდეს ამ სამიზნე მაჩვენებელს. ამ შემთხვევაში გადასახადი არის პრაქტიკულად აკრძალვის ტოლფასი.
მე ვთავაზობდი ინიციატორებს, რომ საფასური ყოფილიყო შემზღუდველი, ანუ გარკვეული ბარიერი შეიქმნებოდა და იქნებოდა ბიძგი, რომ ეტაპობრივად ძველ ავტომობილებს ჩანაცვლებოდა ახალი, მაგრამ რადიკალური რეგულაციით შესაძლოა საპირისპირო ან უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ძველ მანქანებს უფრო დიდხანს დავტოვებთ მიმოქცევაში, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის უნარიანი, რომ იყიდოს ახალი ავტომობილი, მისი ფასიდან გამომდინარე და ის შეეცდება არსებული მანქანების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას, ასვე გაძვირდება მისი საფასური და ეს სოციალურ მდგომარეობაზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
