შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს ბესიკ სურმავას აღიარების ტექსტი შეუდგინა და კამერების წინ წააკითხა. აღიარების ტექსტში კი სურმავას უნდა ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას კოალიციის წევრთა მოსმენა დაავალა. ხიზანიშვილი უარყოფს, რომ ბესიკ სურმავა იცნობდა.
ხიზანიშვილმა ასევე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზეც ისაუბრა და ის შეხვედრა გაიხსენა, სადაც მას კუდ-ის თანამშრომლებმა, ლაღაძემ და ბოჭორიშვილმა მას აგენტისთვის სალაროდან თანხის გამოტანაში დახმარება სთხოვეს, რადგანაც უკვე არასამუშაო დრო იყო.
როგორც ხიზანიშვილმა სასამართლოში განმარტა, სალაროდან ფულის გამოტანა ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც კუდ-ის თანამშრომლებმა შესთავაზეს, რომ თავად მისცემდნენ აგენტს აღნიშნულ თანხას და შემდეგ სალაროდან მომხდარიყო კომპენსირება. როგორც შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, მიხედავად იმისა, რომ კუდი მისი საკურატორო სფეროში არ შედიოდა, მას შეეძლო ამაში დახმარება გაეწია კუდ-ის თანამშრომლებისთვის და ამიტომ მისცა თანხმობა.
პროკურორის კითხვაზე, მოახსენა თუ არა კუდ-ის კურატორს კონკრეტულად იმჟამინდელ შს მინისტრს აღნიშნული შეხვედრისა და გადაწყვეტილების შესახებ, ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ არ მოუხსენებია. ხიზანიშვილმა ასევე განმარტა, რომ კუდ-ის თანამშრომლების მიერ აგენტისთვის გადახდილი თანხის კომპენსირება ვერ მოხდა, რადგან მათ სალაროში შესაბამისი დოკუმენტები და საბუთები ვერ წარადგინეს. მისივე თქმით, ფულის წარმომავლობითაც არ დაინტერესებულა, რადგან ეს მის კომპენტენციაში არ შედიოდა. ხიზანიშვილის თქმით, ყველა ოპერატიულ სამსახურს აქვს საკუთარი თანხა და ჩათვალა, რომ აგენტისთვის მისაცემი თანხა სწორედ ეს თანხა იყო.
შოთა ხიზანიშვილმა დაკითხვაზე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია მოხდა თუ არა აგენტისთვის თანხის გადაცემა და ვინ იყო ეს აგენტი.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს ბრალად პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა; დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც თან ერთვოდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნული შექმნა; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება.
გამოძიებით ინფორაციით, შოთა ხიზანიშვილმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით ბიუჯეტის სასარგებლოდ მიქცეული 150 000 ევრო. კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, კოალიცია “ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით, მან ივანე მერაბიშვილის დავალებით 150 000 ევრო გადასცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს, ბესარიონ სურმავას. ამ უკანასკნელს საჯაროდ უნდა გაეკეთებინა განცხადებადა, დაესმინა ბიძინა ივანიშვილი, თითქოსდა კოალიციის ლიდერთა ფარულ მიყურადებას აწარმოებდა მისი დავალებით. სინამდვილეში არასანქცირებული მიყურადება და პირადი ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ პროგრამისტთა ჯგუფის მიერ.