ვანში მომხდარ დაპირისპირებაზე, სადაც ადგილობრივების თქმით, სამართალდამცავებმა იჩხუბეს, რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მოახდინა და საქმის გამოძიება დაიწყო.
“11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებენ შსს-ში.
მომხდარზე გამოძიება პროკურატურაშიც დაიწყო.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში, 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება ვანში, რესტორანში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.