საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტს, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მიაწოდა.
“საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები რბილად რომ ვთქვათ, როგორც მინიმუმ, იყო გაუგებარი. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს პოლიტიკოსების შეშფოთება და ბუნებრივია, უნდა იყოს მცდელობა ამ საქმეში დეტალურად გარკვევის,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე გიორგი პაპუაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები თავისთავად გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, ისეთს როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, თავისთავად ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი. იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე,“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.