განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ქალაქ რუსთავის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ იმსჯელეს.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს განათლების სისტემის დაანონსებულ რეფორმას.
„ეს ჩემთვის. როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ დეტალურად გავიარეთ საატესტატო გამოცდების სისტემის გაუქმების საკითხი. სკოლები მზად არიან მიმდინარე შეფასების სისტემებით, შემაჯამებელი ქულების მინიჭების პროცესისთვის“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ეროვნული გამოცდების ცვლილებებთან დაკავშირებით 2020 წლიდან.
„ზოგადი უნარების ამოღება სავალდებულო სიიდან მასწავლებლების მხრიდან ფასდება დადებითად, თუმცა არის შემოთავაზება, რომ გაფართოვდეს ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების შესაძლებლობა, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და რაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად. მეც ვეთანხმები აღნიშნულ პოზიციას. გვაქვს რამდენიმე თვე 2020 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებლად“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სკოლის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ, ასევე, იმსჯელეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მაქსიმალურად თანაბრად უნდა გაუჩნდეთ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებს.
„ვადასტურებ მზაობას, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის, განვიხილოთ სამუშაო ფორმატში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.