ქეთი ვაშალომიძე სოციალურ ქსელში, თი ბი სი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:
“# tbcbank # მამუკა ხაზარაძე
13 წლის წინ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ გენიალური ადამიანის გუნდში. ყოველი წელი, ყოველი ახალი პროექტი იყო საოცარი გამოცდილება და უდიდესი სიამოვნება მიღებული საინტერესო საქმის კეთებითა და დიდ ადამიანებთან ურთიერთობით.
ბევრი რომ არ ვისაუბრო, კონკრეტულად იმ პროექტს შევეხები, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა – ეს არის „მწვანე ქალაქი ლისზე“. რამდენიმე წლიანი სამზადისისა და იდეების დამუშავების შემდეგ მომავალი ქალაქის ადგილის პირველი პრეზენტაცია 2011 წელს გაიმართა. ვიდექით მოშიშვლებულ კლდეზე, რომელიც წითელი ხალიჩით, ქაღალდის სახლებითა და ქოთანში ჩარგული ხეებით იყო გაფორმებული და ვფიქრობდი, რომ ეს იყო ნამდვილი სიგიჟე… ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ეს ცარიელი კლდე ერთ დღეს ყველასათვის საოცნებო ადგილად გადაიქცეოდა. რთული იყო ამის დანახვა, მაგრამ ის ხედავდა, სჯეროდა და შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა. მაშინ როცა ქალაქი უსახური ბეტონისფერი მაღალი შენობებით ივსებოდა, ეს გუნდი აშენებდა სამოთხეს უდაბნოში, სხვები სახლისთვის ხეებს ჩეხავდნენ, აქ ასობით ახალ მცენარეს რგავდნენ, სადღაც ცათამბჯენებით ამაყობდნენ, აქ კი 80/20 კონცეფციით. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა იდეა და საქმე, რომელსაც ეს ადამიანი და მისი გუნდი იწყებს არის ინოვატორული, წარმატებული, უბრალოდ გენიალური და ამასთან სარგებელის მომტანიც როგორც სხვა ადამიანებისთვის, ისე ქვეყნისთვის.
ეს ძალიან მოკლედ რაც შეეხება ერთ კონკრეტულ საქმეს, ასეთი კი არის ძალიან ბევრი და მიუხედავად ამდენი იდეისა თუ პროექტისა, ამდენი ადამიანისა, რომლებიც ამ გუნდში არის დასაქმებული, არავინ რჩება მას ყურადღების გარეშე. ამ კუთხითაც გამოვცადე საკუთარ თავზე ამ დიდი ოჯახის წევრობის უპირატესობა. სწორედ თიბისი ბანკის თანადგომით და დახმარებით ფინანსდებოდა ჩემი მეუღლის მკურნალობისთვის საჭირო თანხების დიდი ნაწილი 4 წლის განმავლობაში. მიუხედავად ძალიან მძიმე დიაგნოზისა ჩვენ მოგვეცა 4 ბედნიერი და სრულფასოვანი წელი, რომელიც ერთად გავატარეთ. თიბისის გვერდით დგომის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.
შეუძლებელია საკმარისი ითქვას ამ ადამიანზე და მის გუნდზე, რადგან სასაუბრო არის იმდენად ბევრი, რამდენადაც ამოუწურავია მისი და მის მიერ შექმნილი პროექტების შესაძლებლობები და მასშტაბები. ის არის უბრალოდ გენიალური ადამიანი! ![]()
უბედურებაა იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ასეთ ძალას ასე ცუდად ეხებიან. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდება, რადგან სხვა მოცემულობით პირადად ჩემთვის ეს იქნება თავისუფლების, პროგრესის, განვითარების და ყოველგვარი პერსპექტივის დასასრული, უბრალოდ ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი გაქრება…”- წერს ქეთი ვაშალომიძე.
