საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „თი-ბი-სი ბანკის“ თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბანკი არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვისაც. პრემიერის შეფასებით, „თი-ბი-სი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის მხრიდან ერთობლივი განცხადება დადებითი სიგნალია.
„ვფიქრობ, ერთობლივი განცხადება, რომელიც გააკეთეს „თი-ბი-სი ბანკმა“ და ეროვნულმა ბანკმა გამოხატავს სულისკვეთებას, რასთანაც რეალურად გაქვს საქმე. ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება „თი-ბი-სი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის მხრიდან. უფრო მეტიც, გუშინ მქონდა სპეციალური ბრიფინგი და ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ გაგვიზარდეს საკრედიტო რეიტინგი და დღევანდელი მონაცემებით, ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც რეიტინგი გაუზარდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ ამის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად აღნიშნა ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს ძალიან სწორ პოლიტიკას და ის, რომ საქართველოს საბანკო ფინანსური სექტორი ძალიან მდგრადია.
„ეს კონკრეტული ფაქტია, დანარჩენი ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, ნებისმიერი საკითხი შეაფასოს. ჩვენ მოვისმენთ დღეს კომიტეტზე თითოეული ადამიანის შეფასებას ამ საკითხზე და ზოგადად, მივესალმები პროცესს, რომ როცა კითხვები არსებობს, მასზე უნდა იყოს პასუხებიც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა, მამუკა ბახტაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლა პარლამენტში პროცედურული საკითხია.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა დღესა დაგეგმილი, რომელზეც „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მივლენ.
“ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება “თი-ბი-სი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის მხრიდან
2019/02/26 12:44:05

კომენტარები
ნანახია: 629 ჯერ