იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სია დღეს გადაისინჯა.
როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურსის შედეგად ხუთი საუკეთესო კანდიდატი – ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ანა დოლიძე შეირჩა.
„ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ სამი ადამიანი აირჩია და გააგზავნა სტრასბურგში: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ე.წ. ფილტრაციის პროცედურის ფარგლებში, რომელიც კონკურსის მეორე ეტაპია და მივიღეთ რეკომენდაციებიც, რომელიც ამბობს, რომ ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლისათვისთვის საჭირო კომპეტენციას, კვალიფიკაციას და სტანდარტებს. რაც შეეხება გიორგი ბადაშვილს, მასზე გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება დადებითია, თუმცა სასურველი იქნებოდა, მას სხვა პროფესიული გამოცდილებაც ჰქონოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანდიდატი 36 წლის გახლავთ“, – განაცხადა წულუკიანმა. მისივე ინფორმაციით, ნანა მჭდელიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა აშკარად უარყოფითი რეკომენდაცია. წულუკიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა თქვეს, რომ კანდიდატს, მისი კარიერული განვითარების ამ ეტაპზე, არ აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში და არც აკადემიურ სფეროში სათანადო ხანგრძლივობის გამოცდილება.
„ეს რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, არის რეკომენდაციები, მაგრამ მაინც სტანდარტი არის ერთი – სამპირიანი, სიაში უნდა იყოს ორივე სქესის წარმომადგენელი და ორივე სქესის წარმომადგენელები უნდა იყვნენ ერთმანეთის რეალური კონკურენტები. შესაბამისად, ვიმსჯელეთ და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული 5 კანდიდატიდან, აერჩია ქალი კანდიდატი, ქალბატონი ნანა მჭედლიძის ნაცვლად სიაში შეყვანილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, ევა გოცირიძე არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი და საერთაშორისო სამართლის დოქტორი.
„ევა გოცირიძეს წარმატებით აქვს გავლილი საადვოკატო საქმიანობისთვის უცილებელი გამოცდები, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მიღებული აქვს 100-დან 98 ქულა. აქვს გავლილი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სტაჟირება, გახლავთ მეცნიერი. ევა გოცირიძე ხუთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა. აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, შვიდი საავტორო წიგნი. ევა გოცირიძემ ჯერ კიდევ 1998 წელს გამოაქვეყნა და მისი ავტორობით მიღებულ იქნა მოსამართლეთა ეთიკის კოდექსი. ჩვენ, როგორც სუვერენულმა ორგანომ, ვიფიქრეთ, რომ გვჭირდება ალექსანდრე ბარამიძის საპირწონე, კონკურენტუნარიანი ქალი კანდიდატი. ასეთად დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ჩაითვალა ევა გოცირიძე. მე ყველა კანდიდატს ვუსურვებ წარმატებას. წარმატებას ვუსურვებ ასევე ქალბატონ ნანა მჭედლიძეს, ახალგაზრდა კონკურენტულ ქალბატონს, რომელიც მჯერა, აუცილებლად გახდება მოსამართლე”, – განაცხადა წულუკიანმა.