– 1ტვ.გე-ს ცნობით, თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს ეხება.
დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე, სადაც ნათქვამია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა – მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები – ჰაერის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით ავტოტრანსპორტის მიერ.
ამასთან, საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით შესყიდული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდულ ძრავაზე მუშაობდეს. ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტის წევრები კახა კუჭავა და პაატა კვიჟინაძე მუშაობენ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიში მოამზადა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ანგარიში 6 მაისის ბიუროს სხდომას წარედგინება.