17 მაისს ლგბტქ თემი ღონისძიების გამართვას არ გეგმავს და “პრაიდის კვირეული” თბილისში 18-23 ივნისს გაიმართება – ივნისი მსოფლიოში ლგბტ სიამაყის დღეა.
როგორც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს. როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, ქვიარ ადამიანებისათვის პრაიდის კვირეული დაეხმარებათ მათ ქვეყანაში მშვიდობიანად ცხოვრებაში.
“2012 წლიდან, საქართველოში, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსენდერ და ქვიარადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული გვაქვს, ჩვენ, ღირსების მარშის მეშვეობით, ამ უფლების აღდგენას ვითხოვთ. ჩვენ გვჯერა ადამიანთა თანასწორობის და განსხვავებული სქესის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა თუ თვალის ფერის მიუხედავად, შევძლებთ მშვიდობიანად და ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში.
ქვიარ ადამიანებს საქართველოში ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს გადარჩენისთვის, პრაიდის კვირეული შესაძლებლობაა, რომ წართმეული უფლებები დავიბრუნოთ და ჩვენს პრობლემებზე ხმამაღლა ვისაუბროთ. თუმცა, პრაიდის დღეს მოსალოდნელი მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ პრაიდის გუნდმა მუშაობა სწორედ რისკების ანალიზისა და უსაფრთხოების სტრატეგიის გეგმის შემუშავებით დაიწყო, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს აკისრია”, – აცხადებს ლგბტქ აქტივისტი.
. ცნობისთვის, თბილისი პრაიდის კვირეული 18-23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, სოციალური სპექტაკლი “კაფკას მეტამორფოზა” და ბოლო დასკვნითი ნაწილი “ღირსების მარში”, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გაიმართება. თბილისი პრაიდის ცნობით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა 18-23 ივნისს დაგეგმილი კვირეული და “ღირსების მარში” მშვიდობიანად ჩატარდეს.